გვერდები

суббота, 13 апреля 2019 г.

"ენა ბურჯია ეროვნებისა"



"ჩვენ, ქართველები, ვლაპარაკობთ ქართულად. ვინ შექმნა იგი? ცხადია, ქართველებმა, მაგრამ როგორ? გამოცალკევებით არავინ, ყველამ ერთად. მაგრამ ეს “ყველა” დროის სხვადასხვა მონაკვეთებში დასცილდა ერთმანეთს. საიდუმლო აქ ძევს. მე არ ვიცი, როგორ უნდა ამოიხსნას ეს საიდუმლო, ალბათ, იქნებოდა ერთობლივი ჩანასახოვანი უჯრედი, რომელიც ყველა ქართველში ცოცხალია, წარსულის, აწმყოს, მომავლის ქართველში და, ალბათ, მას შეუქმნია ჩვენი ენა. მე ამ ჩანასახის უჯრედს საქართველოს სულს ვუწოდებ”.
გრიგოლ რობაქიძე

“სამყარო პირობითად ორ მთავარ ნაწილად იყოფა: პირმეტყველად და პირუტყვად. პირმეტყველი – ადამიანია – მსოფლიოს მეცნიერებისათვის ჯერ კიდევ საბოლოოდ ამოუცნობი და შეუსწავლელი ობიექტურ-სუბიექტური ფენომენი. იმავდროულად ადამიანი იმით განსხავდება დანარჩენთაგან, თუნდაც ცხოველისაგან, რომ მას ღმერთი სწამს”.
ლუდვიგ ანდრეას ფონ ფოიერბახი
     ღმერთმა მსოფლიოს, სამყაროს ენები გულუხვად დააბერტყა, მაგრამ ენებს კაცობრიობა, ცივილიზებული სამყარო დასაღუპად “დაუფიქრებლად”, უშურველად და ადვილად იმეტებს. – როგორც ცნობილია, მსოფლიოში ყოველ 50 წელიწადში თითო ენა კვდება.
     ენამ შექმნა ადამიანი, ხოლო ადამიანმა, უფრო სწორად, ადამიანთა ერთობამ – ენა. ანუ ორივეს შემქმნელი ღმერთია. როგორც შოთა რუსთაველი გვმოძღვრავს, “რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების”. ამრიგად, ერთ დროს, პრეისტორიულ გარიჟრაჟზე, ადამიანი პირუტყვი იყო, ამ სიტყვის ყოველგვარი მნიშვნელობით, ადამიანად იგი შემდგომ ენა-მეტყველებამ აქცია. ენა ცოცხალი ორგანიზმია, მას ისევე, როგორც ადამიანს, სული აქვს – სუნთქავს, ცოცხლობს, არსებობს, იღუპება კიდეც. ასე რომ, ენასაც აქვს დასაწყისი და დასასრული, ისე, როგორც ყველაფერს.
     დღეს, ადამიანთა მოდგმას, ისეთი შეგრძნება გვეუფლება, თითქოს კაცობრიობა ენებიანად დასასრულისაკენ მიექანება. დაქანების პროცესში კი, რა გასაკვირია, ქვეშ არაერთი ენა მოჰყვება. “ენის დაქანების პროცესში” ყოფნისას ერთი დიდი ქართველი მოაზროვნისა და კლასიკოსი მწერლის გრიგოლ რობაქიძის ნათქვამს მოგაგონებთ, რომელსაც გერმანულენოვან “ქალღმერთის ძახილში” ერთ-ერთი მოქმედი პირი თავადი იულონ გელოვანი ამბობს – თუ როდის შეიძლება მოკვდეს ხალხის სული: “ხალხის სული მოკვდება მაშინ, თუ ღმერთს მოკლავენ”, ღმერთი კი, ჩვენი აზრით, ჩვენი სახატე ქვეყანაა, რომელიც, მეოცე საუკუნის დასაწყისში, ილია მართლის სახით მოვკალით. იულონის ანუ გრიგოლ რობაქიძის თქმით: “მინდა სულის ცნება ერთი მაგალითით აგიხსნა. ჩვენ, ქართველები, ვლაპარაკობთ ქართულად. ვინ შექმნა იგი? ცხადია, ქართველებმა, მაგრამ როგორ? გამოცალკევებით არავინ, ყველამ ერთად. მაგრამ ეს “ყველა” დროის სხვადასხვა მონაკვეთებში დასცილდა ერთმანეთს. საიდუმლო აქ ძევს. მე არ ვიცი, როგორ უნდა ამოიხსნას ეს საიდუმლო, ალბათ, იქნებოდა ერთობლივი ჩანასახოვანი უჯრედი, რომელიც ყველა ქართველში ცოცხალია, წარსულის, აწმყოს, მომავლის ქართველში და, ალბათ, მას შეუქმნია ჩვენი ენა. მე ამ ჩანასახის უჯრედს საქართველოს სულს ვუწოდებ”.
ქართული ასომთავრული წარწერა დავით გარეჯის მონასტრის ეკლესიის კარებზე
ქართული ასომთავრული წარწერა დავით გარეჯის მონასტრის ეკლესიის კარებზე
     აი, დღეს კი, სწორედ ჩვენ თვალწინ, ჩვენივე ხელით საქართველოს სული კვდება. ენას მოფრთხილება და დაცვა სჭირდება, მით უფრო მშობლიურს, საკუთარს. საკუთარ ენას კი ქართველმა კაცმა დედაენა შეარქვა. ეთნიკურ-ეროვნული ტრადიციები და მშობლიური ენა მთლიანობაში ეროვნული კულტურის ძირითად ნაწილს შეადგენს, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ ხალხის ნაციონალურ იერ-სახეს, მის ეროვნულ ფიზიონომიას. ამ მთავარი ელემენტების შესუსტება, დამცირება, ნოლზე დაყვანა იწვევს ერის მოსპობას. ენა და მისი არსებობა ერის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. მართალია, ზოგ ერს მშობლიური ენა წინათ ჰქონდა და დაკარგა (მაგალითად, ებრაელებმა), თუმცა შემდგომ აღიდგინა, მაგრამ ეს “აღდგენილი” ენაა არაა ის ბუნებრივ-ისტორიული, რაც ადრე მას ჰქონდა, როგორც ხატოვნად იტყვიან, “ერთდროულად, ერთსა და იმავე დროს მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ”. ამიტომ მშობლიურ ენას, ყოველივე მშობლიურს, კვლავ ვიმეორებთ, მოფრთხილება სჭირდება. მშობლიურის ნაცვლად სხვა ენაზე ერის ამეტყველება ერის გადაჯიშებას, გადაგვარებას, იდენტობის დაკარგვას ნიშნავს. ასე რომ “ენის სიკვდილი”, მისი სიკვდილის მიზეზი, სოციალურ-ეკონომიკური ხასიათითაცაა გაპირობებული, მისი მოუხმარებლობაენის სიკვდილს იწვევს – მთავრდება ერის სიკვდილით (გადაშენებით) ან ერის გადაგვარებით ან ერის სხვა ერთან შერწყმით. ამის მაგალითები მსოფლიო ისტორიაში არაერთია.
     მსოფლიოში რამდენი ენაა, ზუსტად არავინ იცის (ასახელებენ 3000-ზე მეტს, 5000, 7000-მდე ერთეულს). ბევრი ენა ლინგვისტურად შეუსწავლელია. სამწუხაროდ, ენების დასადგენად არაა სათანადო და საკმარისი კრიტერიუმები, ჭირს ენის ენად ან დიალექტად გამოყოფა-გამოცალკევება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზოგ მკვლევარს, ესა თუ ის ენა დიალექტად მიაჩნია, ზოგს – ენად. ასეთ შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს ტრადიციული გაგებაც. მაგალითად, მიუხედავად მჭიდრო სიახლოვისა, ჩეხური და სლოვაკური, რუსული და ბელორუსული, სერბული და ხორვატული სპეციალურ ლიტერატურაში რატომღაც ცალკე, დამოუკიდებელ ენებად არის მიჩნეული. როგორც ცნობილი ჩეხი ლინგვისტი ი. იედლიჩკა წერს – “ჩეხური ენის მცოდნეს ესმის არა მარტო ჩეხური ენა, არამედ სლოვაკურიც, რადგან სლოვაკური ენა ჩეხურს ძალიან უახლოვდება”. ეგევე შეიძლება ითქვას ინგუშურისა და ჩეჩნურ-ქისტურის ენობრივი დამოკიდებულება-ურთიერთმიმართებითაც.
     მსოფლიოში 200-ზე მეტი ქვეყანაა, რომელთაგან 100-ზე მეტს სახელმწიფო ენად არამშობლიური ენა აქვს. მაგალითად, ინგლისური ენა, გარდა ინგლისისა, მსოფლიოს ერთ მესამედს ანუ 68 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის 12 ქვეყანაში – ადგილობრივ, აბორიგენულ ენებთან ერთად კანონიკურად, სახელმწიფო ენად არის გამოცხადებული. ინგლისური ენა, როგორც ერთადერთი სახელმწიფო ენა, დაკანონებულია აფრიკის ქვეყნებში (ტანზანია, ზიმბაბვე, უგანდა, ლიბერია, ზამბია, მავრიკია, ბოსტვანა, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა და სხვ.). ჩამოთვლილთაგან აფრიკის კონტინეტზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობით (დაახლებოთ 135 მილიონზე მეტი) ნიგერია პირველ ადგილზეა.
ინგლისური ენის გავრცელების არეალი: მუქი ლურჯი - სადაც ინგლისური მთავარი ენაა; ცისფერი - სადაც ინგლისური ერთ-ერთი ოფიციალური ენაა.
ინგლისური ენის გავრცელების არეალი: მუქი ლურჯი – სადაც ინგლისური მთავარი ენაა; ცისფერი – სადაც ინგლისური ერთ-ერთი ოფიციალური ენაა.
     სახელმწიფო ენის სტატუსი მოსახლეობის სიმრავლით არ განისაზღვრება (მაგალითად, ნიგერიაში, სადაც რამდენიმე ეთნიკური ჯგუფის მოსახლეობაა, მრავალრიცხოვნობით გამოირჩევა: ჰაუსა – 26 მლნ., იორუბა – 21 მლნ., იგბო – 17 მლნ.). აფრიკის კონტინენტზე გამონაკლისია მხოლოდ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სადაც ინგლისის ყოფილ კოლონიაში დღეს ინგლისურთან ერთად სახელმწიფო ენებად გამოცხადებულია აქ მცხოვრებ 12 ეთნიკურ ჯგუფთა ენები: სესოტო, კოსა, ზული, ლებოა, სისკატი და სხვ. აზიის ქვეყნებთან ინგლისურს სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს სინგაპურში, ბრუნეიში, ინდოეთში (ჰინდი ენასთან ერთად); ამერიკის კონტინენტზე ინგლისური სახელმწიფო ენად აღიარებულია: აშშ-ში, კანადაში (ფრანგულთან ერთად), იამაიკაში, გრენადაში, ბელიზში, დომინიკის რესპუბლიკაში, ბაჰამისა და ბერმუდის კუნძულოვან სახელმწიფოებში; ოკეანეთში, ასევე ავსტრალიის კონტინენტზე – 17 სახელმწიფოში ინგლისურ ენას სახელმწიფო სტატუსი აქვს შეძენილი (ავსტრალია, ახალი ზელანდია, პაპუა – ახალი გვინეა, მიკრონეზია, ფიჯის რესპუბლიკა და სხვ.). ევროპაში კი ინგლისურს სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს ირლანდიაში, გიბრალტარში, მალტაში, ცხადია, დიდ ბრიტანეთში.
     ინგლისურის შემდგომ მსოფლიოში სახელმწიფო ენის რანგში გვევლინება ფრანგული ენა (საფრანგეთის ყოფილ კოლონიებში). ესენია: სენეგალი, ჩადი, რუანდა, მალი, ნიგერია, მადაგასკარი, მავრიტანია, კოტ-დიუარი (ყოფილი სპილოს ძვლის ნაპირი), კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სხვ. ასევე ევროპის ზოგ ქვეყანაში (მონაკო, ლუქსემბურგი, შვეიცარია, ბელგია) სახელმწიფო ენა ფრანგულია. ასე რომ, საფრანგეთით დაწყებული მსოფლიოს 30 ქვეყანაში სახელმწიფო ენის სტატუსით ფრანგული 30 ქვეყანაშია გავრცელებული. ფრანგულენოვან ქვეყნებს ფრანკოფონიის სახელითაც მოიხსენიებენ.
     სახელმწიფო ენის რიცხოვნობით მესამე ადგილზეა არაბული. იგი 23 ქვეყანაში მოქმედებს (ალჟირი, მაროკო, ტუნისი, ლიბია, ეგვიპტე, იორდანია, საუდის არაბეთი და სხვ.), ასევე აზია-აფრიკის ხუთ ქვეყანაში (ისრაელი, ჩადი, ერიტრეა, სომალი, ჯიბუტი) არაბული სახელმწიფო ენის როლში გვევლინება.
     მსოფლიოში, სახელმწიფო ენის სტატუსით, მეოთხე ადგილს ესპანური ენა იკავებს (სულ – 23 ქვეყანაში). პორტუგალიური და გერმანული ენები სახელმწიფო ენის რანგში შვიდ ქვეყანაში არსებობს (უპირატესად სხვა სახელმწიფო ენათა გვერდით).
     ინგლისური დღეს ზესახელმწიფო ენაა. იგი, რაც დრო გადის, ერთადერთ და ძირითად საკომუნიკაციო მსოფლიო ენად მკვიდრდება და თავისუფლად ენაცვლება ხელოვნურად შექმნილ ენებსაც (ესპერანტო და სხვ.). ინგლისური ჩინურის შემდგომ მსოფლიოში მეორე ადგილზეა (322 მლნ ადამიანი აღიარებს მას მშობლიურ ენად, რომელთაგან მხოლოდ 55 მლნ ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში). ინგლისურს, როგორც “მეორე მშობლიურ ენას”, 400 მლნ ადამიანი იყენებს, როგორც უცხო ენას კი – 800 მლნ-ზე მეტი.
     დღეისათვის საქართველო მსოფლიოს 200-მდე სახელმწიფოს შორის სიდიდით (ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით – 70 ათასი კვ. კმ.) 118-ე ადგილზეა, ე. ი. მსოფლიოს 74 სუვერენულ სახელმწიფოზე დიდია, მათ შორის ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა: დანია, ნიდერლანდები, ბელგია, შვეიცარია, ისრაელი და სხვ. მოსახლეობის რაოდენობით კი 97-ეზე, ე. ი. 96 სუვერენულ სახელმწიფოს აღემატება (მათ შორის: ახალ ზელანდიას, თურქმენეთს, ირლანდიას, ნორვეგიას, სლოვაკეთს, ფინეთს, ყირგიზეთს, ჩადის და სხვ), მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით კი 80-ე ადგილზეა.
     როგორც ზემოთ ვახსენეთ, ენა ცოცხალი ორგანიზმია. ამა თუ იმ ენაში (სულერთია, დამწერლობის მქონეა თუ უდამწერლობო) “შედის და გაედინების” ძირძველი თუ ნასესხები სიტყვები, სპეციფიკური გამოთქმები და გამონათქვამები. მაგალითად, ქართულმა ენამ ძველ ქართულშივე ისესხა სპარსული სიტყვა “კოშკი” (მისი ხმარება-არსებობა პირველად დასტურდება ძველ ქართულ ხელნაწერში – 864 წლის “სინურ მრავალთავში”), ხოლო XX საუკუნეში იგივე სიტყვა, შინარსობლივად და ფორმობრივად ოდნავ სახეცვლილი, დაგვიბრუნდა “კიოსკის” სახით. სპარსულიდან “კიოსკ-“მა შეაღწია თურქულში, თურქულიდან – ფრანგულში, ფრანგულიდან – რუსულში, რუსულიდან კი ქართულში. ამის საანალოგიოდ და იმავდროულად საპირისპირო ნიმუშად გამოგვადგება ძველი ქართული სიტყვა “ტარიგი”. ის საფუძვლად დაედო ძველ ბერძნულ სიტყვა-ტერმინს “ტრაგედიას”, რომელიც ბერძნულ ენაში ძვ. წ. აღ. V საუკუნიდან იხმარება. ტრაგედე – “თხის სიმღერა”, რომლის ტრაგ ძირი ქართული “ტარიგ” ლექსემისგან მომდინარეობს (ტარიგი = “ცხვარი”, “მსხვერპლი”).
     ასე მოგზაურობენ სიტყვები ერთი ენიდან მეორეში. აქვე უნდა ითქვას, რომ ასეთი ნასესხობების დადგენა-გამოყოფა სპეციალური ლინგვისტურ-ეტიმოლოგიური კვლევის გარეშე შეუძლებელია. ქართულ ენაში ბევრია უცხოური ენების გავლენის კვალი (ძველი ებრაულის, ძველი ბერძნულის, სპარსულის, არაბულის, თურქულის, მონღოლურის, რომაულის, რუსულის…), რაც ექსპანსიისა და უცხოური კულტურის შედეგია. უნასესხებო სიტყვაფორმათა მქონე ენას მთელ მსოფლიოში ვერ ვიპოვით, თვით აფრიკისა და ბრაზილიის ჯუნგლების ტომთა შორისაც კი.
     ქართულ ენას ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში “ექსპანსიის დაღი” დაასვა რუსეთის იმპერიამ და რუსულმა ენამ, რომლის მწარე ნაყოფით დღესაც ვიკვებებით. რუსეთის იმპერიას კავკასიის დაპყრობისთანავე რეგიონის გარუსება უნდოდა. რუსეთმა კარგად იცოდა, რომ საერთო ქართული დამწერლობისა და მისი მდიდარი ლიტერატურის მოსპობა და შთანთქმა ადვილი რომ არ იყო, ამიტომ შენიღბულად ჯერ სხვა ქართველური ენები (მეგრულ-ჭანური, სვანური) უნდა გაერუსებინა. ამ მიზნით კიდეც შეადგინეს რუსული გრაფიკული ანბანი “დიდა ნინა” და “ლუშნუ ანბან”. გათვალისწინებული იყო, რომ სამეგრელოს მოსახლეობა მეგრულ ენაზე, ხოლო სვანეთის – სვანურზე გადაეყვანათ, რათა ქართველების გარუსებაასიმილირება შემდგომ ეტაპზე ადვილად მომხდარიყო. სამწუხაროდ, აფხაზებმა რუსთა ეს ვერაგული გეგმა რიგიანად ვერ გაიცნობიერეს და ჯეროვნად წინ ვერ აღუდგნენ – გარუსების გზას დაადგნენ, ხოლო სვანეთსა და სამეგრელოში რუსთა მცდელობა ვერ განხორციელდა, რადგანაც ქართველური ძირძველი მუხტი აქ მყარ ნიადაგზე იდგა.
     აღსანიშნავია, რომ კავკასიის რეგიონის გარუსება სათავეს ჯერ კიდევ დეკაბრისტთა პროგრამიდან იღებს. პ. პესტელის მიერ შექმნილი კონსტიტუციის პროექტი “რუსსკაია პრავდას” სახელწოდებით გვაუწყებს, რომ რუსეთის დედაქალაქად უნდა ყოფილიყო ნიჟნი ნოვგოროდი, ახალი სახელდებით – ვლადიმირი. პროექტში ისიც ეწერა, რომ: “რუსეთის სახელმწიფოში მცხოვრები ყველა ერი და ტომი უნდა გარუსდეს, რუსეთის სახელმწიფოს მთელ სივრცეზე მხოლოდ ერთი – რუსული ენა უნდა ბატონობდეს. ერთ ენაზე მოლაპარაკე ხალხი მტკიცედ შეიკვრება და ერთ ერად ჩამოყალიბდება. ყველა ერისა და ტომის განსხვავებული სახელწოდება უნდა მოისპოს და საერთო რუსულ სახელწოდებას შეერწყას (შდრ. საბჭოური ცნება-ტერმინი “საბჭოთა ხალხი”). რუსეთის მთელ ტერიტორიაზე უნდა მოქმედებდეს ერთი და იგივე კანონები და მმართველობის ერთნაირი ფორმა”.
     1812 წელს რუსეთთან ომის დროს ფრანგებს ხელთ ჩაუვარდათ პეტრე პირველის პოლიტიკური ანდერძი, სადაც მონარქს მოუნიშნავს: “კონსტანტინეპოლისა და ინდოეთისაკენ წავიწიოთ. ამ მიზნით შევქმნათ საომარი ვითარება ხან თურქეთთან, ხან სპარსეთთან. ერთმორწმუნე კავკასიელი ძმებისთვის გავისარჯოთ. შევეცადოთ, რომ ამა თუ იმ მხარემ მფარველობის თხოვნით მოგვმართოს, მერე კი მათ სრულ დამორჩილებას მივაღწიოთ. შევიყვანოთ ჯარი დროებით და მანამდე დავტოვოთ, სანამ საბოლოოდ იქ არ დავრჩებით”. პეტრე პირველის მზაკვრული გეგმა-ჩანაფიქრი ქართველთათვის ჭკუის სასწავლელი ფაქტია – არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგჯერ გუგულის ბარტყის გამოზრდა არწივის მართვეს გაზრდასთან შედარებით გამზრდელისათვის უფრო სახიფათო და უარესია!
     რუსული იმპერიული გეგმა აღმოსავლეთ საქართველოს ყოფდა ქართველების, რუსების, თათრების, სომხების, გერმანელებისა და მალაკნების სამყოფად, ქალაქი თბილისიც ასეთივე ნარევად უნდა გამოცხადებულიყო, მმართველობა კი მოსახლეობის ენების მიხედვით უნდა მომხდარიყო, ცხადია, რუსული ენის დიქტატით. არაერთი ქართველი თავადი და ქართველი “კნეინა” რუსული თვითმმართველობის მიმართ თავდადებასა და ერთგულებას იჩენდა. მაგალითად, 1804 წლის 29 მაისს იმპერატორის წარდგენილ პატაკში რენეგატი ქართველი პავლე ციციანოვი (ციციშვილი) ხაზგასმით აღნიშნავს ვახტანგ ორბელიანის “ღვაწლს”, რის გამოც ამ უკანასკნელს პოლკოვნიკობაც უბოძეს და 750 მანეთი წლიური ჯამაგირიც განუჩინეს.
     თურმე, როგორც ირკვევა, ამ ამბავს რენეგატი ქართველი მეტად გაუდიდგულებია. მას აუთვალწუნებია ქართული ენა და საერთოდ ქართველობა. როდესაც ბავშვები წერა-კითხვას ქართულად სწავლობდნენ, ჯავრობდა თურმე და თან ფიქრობდა: “ჩემმა შვილებმა თუ ქართული ენა არ დაივიწყეს, უიმისოდ რუსეთში სასწავლებლად ვერ გამოდგებიანო”.
     XIX საუკუნის 80-იან წლებში მთელს იმპერიაში განსაკუთრებით გაძლიერდა რუსიფიკატორული პოლიტიკა. რუსი ჩინოვნიკები გაორმაგებული ძალით ცდილობდნენ ეროვნული ტრადიციების მოშლას და ენების ამოძირკვას. ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მხოლოდ რუსული ენის სწავლება მიმდინარეობდა. აკაკი წერეთელი დიდი გულისტკივილით განიცდიდა რუსიფიცირების ძალდატანებით მცდელობას და მოურიდებლად აკრიტიკებდა იმ ქართველებს, რომლებიც სახიფათო ტენდენციებს არ ეწინააღმდეგებოდნენ. 
მარჯორი უორდროპი (ინგლ. Marjory Wardrop; დ. 11 ნოემბერი, 1869 — გ. 7 დეკემბერი, 1909) — ბრიტანელი სწავლული და მთარგმნელი. ის იყო საქართველოში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენლის, ოლივერ უორდროპის და.
მარჯორი უორდროპი (ინგლ. Marjory Wardrop; დ. 11 ნოემბერი, 1869 — გ. 7 დეკემბერი, 1909) — ბრიტანელი სწავლული და მთარგმნელი. ის იყო საქართველოში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენლის, ოლივერ უორდროპის და.
     და სწორედ XIX საუკუნის საუკუნის 80-იან წლებში გამოჩნდა ქართული საზოგადოების თვალწინ მარჯორი უორდროპი, შესანიშნავი ერის და არისტოკრატული ოჯახის წარმომადგენელი ქალბატონი, რომელიც გატაცებით სწავლობდა ქართულს და ცდილობდა ყველა თავის ქართველ ნაცნობთან ქართულად ელაპარაკა. აკაკის წერილში “საუბარი ინგლისელ ქალთან” სწორედ მარჯორი უორდროპის საქართველოში ყოფნის ერთი ეპიზოდია აღწერილი, სადაც ინგლისელი მარჯორი და ქართველი კნეინა აკაკის თანდასწრებით საუბრობენ ენის საჭიროებისა და კეთილხმოვანების თაობაზე. აკაკი და მარჯორი უორდროპი ერთად ცდილობდნენ დაერწმუნებინათ საკუთარი და მშობლიური ენის არმცოდნე მედიდური კნეინა, რომელიც სულაც არ წუხდა, რომ ინგლისელმა ქალმა უკეთ იცოდა ქართული და შეეძლო კულტურული ცხოვრების ავკარგის გაგება. აკაკი მარჯორის მსჯელობას ასე გადმოგვცემს: “საკვირველია!.. გონება გახსნილმა და განათლებულმა ადამიანმა როგორ არ უნდა იცოდეს იმ ქვეყნისა და ხალხის ენა, სადაც დაბადებულა და გაზრდილა. გინდ თვითონ არც კი ეკუთვნოდეს მკვიდრთაგანს? ჩვენ რომ ინდოეთში შევედით, სიბნელით იყო ის ქვეყანა მოცული: ცოლები, ქმრები რომ მოუკვდებოდათ, საკირეში ვარდებოდნენ: საიქიოს უნდა გავყვეთო!.. დღეს კი ისინი, განსაკუთრებით მაღალ წოდებისანი, ევროპიულათ განათლებული არიან, არ ჩამოუვარდებიან ინგლისელ ქალებს, მაგრამ მაინც არა თუ უარსა ჰყოფენ თავისას, პირიქით, ცდილობენ, რომ შეისწავლონ, გამოიკვლიონ მათი ქვეყნის ავი და კარგი, რომ მოსაწონი მოიწონონ და დასაწუნი დაიწუნონ. ამით მათ ღირსება თუ ემეტება რამე, თვარა არა აკლდება რა”.
     როგორც ჩანს, აკაკიმ საგანგებოდ მიაქცია ყურადღება ინგლისელი ქალის საუბარს, რომელიც ეროვნული ჩაგვრის მომენტებში რადიკალურ განსხვავებას ხედავდა რუსეთისა და ინგლისის კოლონიალურ პოლიტიკაში. აკაკი წერეთელი მარჯორი უორდროპის მაგალითით ქართველ ქალებს საკუთარი ენისა და ერის დაფასებისაკენ მოუწოდებდა.
     რუსული ოფიციალური ეკლესიაც განსაკუთრებულ როლს თამაშობდა საქართველოსა და ქართველი ერის გარუსება-გადაგვარებაში. რუსი ეგზარხოსები სასტიკად დევნიდნენ ყოველგვარ ქართულს, ძირძველი ეკლესია-მონასტრების ინტერიერისა და ექსტერიერის რუსულ ყაიდაზე შეთითხვნას, ამახინჯებდნენ ფრესკებს, ქართულ ენას “საბაჩი იაზიკად” ნათლავდნენ.
საქართველოს რუკა 1800-1850 წლებში
საქართველოს რუკა 1800-1850 წლებში
     ამასობაში კი, XIX საუკუნიდან მოყოლებული, რენეგატი ქართველების რიცხვი მრავლდებოდა. ისინი გაშმაგებითა უჭერდნენ მხარს რუსული ენის პრიორიტეტს საქართველოს ტერიტორიაზე. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა რუსეთის მეფის დიდმა მოხელემ გიორგი მუხრან-ბატონმა, რომელმაც თავის ანტი-ეროვნულ ბროშურაში კაცობრიობის პროგრესად პატარა ერების მოსპობა და დიდი ერების გაბატონება მიიჩნია – მცირე ერების გაქრობა “მკვლევარს” გარდაუვლად ესახებოდა.
     1871 წლის 14 მაისს საიმპერატორო კარის გადაწყვეტილებით ქართული ენა უქმდებოდა ყველა ტიპის სასწავლებელში. დიდაქტიკური მოსაზრებით, ქართული ენა მხოლოდ სასულიერო სასწავლებლის მოსამზადებელ განყოფილებაზე დატოვეს. მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ ქართველი საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია. ალექსანდრე მეორის მკვლელობის (1881 წლის 1 მარტი) შემდეგ რეაქციამ კულმინაციას მიაღწია. გამკაცრდა ცენზურა. ცარიზმი იმპერიის სრული რუსიფიკაციის გზას დაადგა. განსაკუთრებული სამიზნე ქართული ენა გახდა. სახალხო სკოლებში ქართულ ენაზე არა თუ სწავლა, ლაპარაკიც კი აიკრძალა და მის ნაცვლად რუსული ენა შემოიღეს. მეტიც: ეროვნული მთლიანობის საწინააღმდეგოდ სამეგრელოში მეგრულ, სვანეთში – სვანურ და აჭარაში – თურქულ ენებზე სწავლების დანერგვაც კი გადაწყვიტეს. 1884 წლის იანვარში კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველმა კ. იანოვსკიმ გამოსცა საგანგებო დადგენილება სამეგრელო-სამურზაყანოს სკოლებში ქართული ენის აკრძალვის შესახებ. ჩაატარეს წინასწარი, მოსამზადებელი სამუშაოც. რუსული ხელისუფლება იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ აქციას, რომ პეტერბურგიდან თურმე სპეციალურად გამოგზავნეს მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენელი პროფესორი გრენი, რომელსაც რუსული დამწერლობის საფუძველზე მეგრული ანბანის შექმნა დაევალა. ასევე გადაწყვიტეს რელიგიური ლიტერატურის მეგრულად თარგმნა და ღვთისმსახურების ამ ენაზე გადაყვანა. უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლების ამ წამოწყებას მაშინ ჩვენი საზოგადოების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. რუსულის ბაზაზე შექმნილი მეგრული და სვანური ანბანები და ამ ენებზე გამოცემული დაწყებითი სკოლის სახელმძღვანელოები “ჩაწვა” – პრაქტიკულად გამოუყენებელი დარჩა. ამ დროს ილია ჭავჭავაძე სპეციალურად ეწვია სამეგრელოს. სწორედ ამ ვიზიტის ამსახველია მისი სიტყვები: “სამეგრელოში მოვედი და საქართველო ვნახეო”.
     ცარისტულმა რეჟიმმა 1898 წლის 3 სექტემბრის ბრძანებულებით აფხაზეთის იმ ეკლესიებში, რომელთა მრევლს ეთნიკური აფხაზები შეადგენდნენ, ღვთისმსახურება საეკლესიო სლავურ ენაზე უნდა შეესრულებინათ. საქართველო-იმერეთის სინოდური კანტორის 1898 წლის 17 მარტის ბრძანებულებით კი აფხაზეთისა და სამურზაყანოს სკოლებში აიკრძალა ქართული ენის სწავლება; ღვთისმსახურების საეკლესიო-სლავურ ენაზე აღსრულებისა და სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის მიზნით უმკაცრესი კონტროლი იქნა დაწესებული. ამ კონტროლში ჩართული იყო მთელი რუსობა თვით ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის ჩათვლით. ამ დროს სოხუმში, ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის ცნობით, 3158 ქართველი და 100 აფხაზი ცხოვრობდა. რუსული მმართველობა მათ ქართველებად, მეგრელებად, იმერლებად და აფხაზებად ჰყოფდნენ. ასეთი იყო რუსიფიკატორული შიგა პოლიტიკის “დავთარი”.
     1877-1878 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ აფხაზეთში კიდევ უფრო მიზანმიმართული გახდა რუსული იმპერიის კოლონიური ჩაგვრის პოლიტიკა, აქ რუსთა მიზანი იყო საქართველოს ამ უძველესი ნაწილის – აფხაზეთის ჩამოცილება, ამ ტერიტორიიდან ქართველთა განსახლება, ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალურად შევიწროება და საბოლოოდ აფხაზეთის ასიმილირება. ეს კი მაშინ განხორციელდებოდა, თუ ქართული ენა და ქართული ეკლესია ამ რეგიონიდან ამოიძირკვებოდა.
     აფხაზეთში ქართველთა გააფხაზება მონოგრაფიულად შეისწავლა ცნობილმა მეცნიერმა, ისტორიკოსმა და საეკლესიო მოღვაწემ, მიტროპილიტმა ანანია ჯაფარიძემ. ამიტომ ამის შესახებ ვრცლად აქ არ შევჩერდებით. მსგავს პოლიტიკას რუსიფიკატორები “წარმატებით” ახორციელებდნენ მესხეთ-ჯავახეთში (რადგან აქ ქართველობა ორად იყო დაყოფილი – “თურქებად” (მაჰმადიან მესხ-ჯავახებად) და “ფრანგებად” ანუ კათოლიკე ქართველებად). თვით საქართველოს დედაქალაქშიც კი, ამ დროს, იშვიათად თუ გაიგონებდა კაცი ქართულ ლაპარაკს.
     ქართველობის ეროვნული მუხტი ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის და სხვ. თავგამეტებული მოღვაწეობით მედგარ წინააღმდეგობას უწევდა რუსულ შოვინისტურ პოლიტიკასა და გადაგვა- რებულ ქართველობას. საქართველოს სკოლებში რუსული ენის დანერგვა- გაბატონების ფონზე დიდი ვაჟა წერდა: “ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა”. ცხადია, აქ, უპირველესად, პოეტი “ლამაზად შვილის გაზრდაში” შვილის ქართულ ენაზე სწავლასა და განსწავლას გულისხმობდა. მიუხედავად ამისა, ორი იმპერიის – რუსეთისა და თურქეთის მარწუხებში მოქცეული საქრისტიანო და ოსმალეთის საქართველო მაინც ახერხებდა თავის გატანას და ეთნიკურობის შენარჩუნებას. რუსეთის იმპერიაში ორ გუბერნიად დაქუცმაცებული ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა მართლმადიდებელი და რეაქციონერი “მოძმე” რუსეთისაგან “ქმნულკეთილ” საქმეებს სჩადიოდა.
     როგორც ა. სონღულაშვილი ასკვნის: XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქართველებმა შექმნეს:
ა) სათავადაზნაურო ბანკი, რომელიც ფაქტობრივ ფინანსთა ფუნქციებს ასრულებდა;
ბ) წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელიც განათლების სამინისტროს ფუნქციებს ირგებდა,
გ) სათეატრო საზოგადოება (ფაქტობრივ ფუნქციურად კულტურის სამინისტროს ბადალი ორგანო);
     სამაგიეროდ და სამწუხაროდ: საქართველოს ეკლესიას რუსეთისაგან წართმეული და ჩამორთმეული ჰქონდა:
ა) ავტოკეფალია,
ბ) ქართულ ენას კი სახელმწიფო-საგანმანათლებლო სტატუსი,
გ) სასამართლო და კომუნიკაცია რუსულენოვანი იყო;
დ) ქართული ენაზე მოხსენების წაკითხვაც კი მეოცე საუკუნის ათიან წლებში მეფისნაცვლის ან გუბერნატორის ნებართვის გარეშე შეუძლებელი იყო;
ე) არ არსებობდა არც ერთი სასწავლო ინსტიტუტი ან უნივერსიტეტი თვით რუსულ ენაზეც კი.
     მიუხედავად ამისა, საქართველოს ჭეშმარიტი ქომაგები და მამულიშვილები არ აკლდნენ. ისინი დღედაღამ ფიქრობდნენ ერისა და ქვეყნის გამთლიანებაზე, სანამ ჩვენს ბედკრულ სამშობლოს წითელმა ღვარცოფმა და კომუნიზმის იდეის აჩრდილმა არ გადაურა. ამ გადავლამ კი XIX საუკუნის დასაწყისიდან 1990-იან წლებამდე გასტანა. დაისმის კითხვა: რა მოხდა გაწითლებულ, უნიათო, “სამშობლოს არმცნობ” მენშევიკთაგან მიტოვებულ ბოლშევიკურ საქართველოში? როგორ წარიმართა ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, ბედი? ვაი, რომ ცუდად! ვაი, რომ ავად! მეფის რუსეთის ენობრივი რუსიფიკაცია ბოლშევიკურმა იდეოლოგიურმა რუსიფიკატორულმა მანქანამ წარმატებით შეცვალა. საქართველო, მთელი არსებობის ისტორიის მანძილზე, რამდენადაც ჩვენი ისტორიული თვალი მიგვიწვდება, ბევრმა ქვეყანამ დაიპყრო, მაგრამ მხოლოდ სამმა გააუქმა მისი სახელმწიფოებრიობა და მეფობა: პირველი სპარსეთი გახლავთ, მეორე – არაბების იმპერია, მესამე – რუსეთი, ამ უკანასკნელმა ორჯერ დაიპყრო და ორჯერვე იავარქმნა ყოველივე ქართული და ეროვნული.
     და მაინც რა მოხდა საბჭოთა საქართველოში? ზოგი მკვლევარი და ბეცი რიგითი ქართველი სტალინს, ორჯონიკიძეს და მისთანებს რუსეთისაგან საქართველოს ხელმეორე დაპყრობას აბრალებს, მაგრამ რატომღაც ავიწყდებათ ის პოლიტიკური რუსულ-ტრადიციული ზრახვა-ნიუანსი – იმდროინდელი ბოლშევიკური მთავრობის რუსეთში არცერთი ქართველი რომც არ ყოფილიყო, რუსები საქართველოს მაინც დაიპყრობდნენ. იმპერია ხომ ყოველთვის იმპერიაა, რადგან ყოველთვის “გველივე შთება გველად”. გველაძუებით სავსე საქართველოში უცხოური და საუცხოო ტვინამღვრეული და წითელი იდეით შეპყრობილი ქართველები მენშევიკურ მონაპოვარს ანიავებდნენ. ასე დათმეს მათ ძირძველი ტერიტორიები საქართველოსი – საინგილო და ლორე-ტაშირი, სოჭის მხარე. მეტიც: ავტონომიებით დახუნძლეს საქართველოს დაწყლულებული და იარა- მოუშუშებელი სხეული. ცარიზმისაგან ჩამოთესლილი უცხოტომელების თესლი ჯერ ჯეჯილად აქციეს – ჩვენს ხარჯზე ავტონომიური უფლებები მიანიჭეს, მერე კი უცხოური თესლის გაღვივებით – ხელშეწყობით ჯეჯილი ღვარძლად, მათ თავმძიმე და ქედმაღალ სარეველა თავთავებს ახლაც ვიმკით. ასე იქცა აფხაზეთი ავტონომიურ რესპუბლიკად, სამაჩაბლო ანუ ზენასოფელი (ძველი ქართული ტერმინოლოგიით), ე.წ. სამხრეთ ოსეთი – ავტონომიურ ოლქად, ხოლო ლორე-ტაშირი, ალავერდი და საინგილო მოძმე სომხეთსა და აზერბაიჯანს კუთვნილებად; რუს ბოლშევიკებთან თანაზიარმა “წითელმა” ქართველებმა ის აღარ იკმარეს, რომ აჭარას ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი არგუნეს, ხოლო დვალეთმა და ისტორიულმა ჯიქეთმა, რუსთაგან წართმეულმა, ჩაილულის წყალი დალი- ეს, ლაზიკაც, შავშეთი, ტაო-კლარჯეთი, იმერხევი, ნიგალისხევი იქით – “ორთუღიანი ფაშის სტომაქში” აღმოჩნდა – შესაბამისად ხალხი და ქვეყანა “გარდაგულარძნდა”. ბეზღობამ და წითელმა ტერორმა, რეპრესიებმა წალეკა მთელი საქართველო და ნაღები ინტელიგენცია ზვარაკად შეიწირა. მენშევიკების დროს დაარსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბოლშევიკურ მარწუხებში მოექცა, “წითლებმა” ისიც კი იკადრეს, რომ მისი დამაარსებელი რექტორობიდან გადააყენესდა გააძევეს უნივერსიტეტი ინსტიტუტად გადააკეთეს.
     ქართველ ბოლშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი ფ. მახარაძე წერდა: “ჩვენთვის ნაციონალური კულტურა არ არსებობს, ნაციონალურ ენას მხოლოდ პირობითი და წარმავალი მნიშვნელობა აქვს, რაც შეეხება ნაციონალურ ზნე-ჩვეულებებს, ესენი მხოლოდ კონსერვატორობის გამომხატველიაო”. ერთ-ერთი “გამოუსწორებელი” ლენინელის, ეროვნებით სომეხის, სტეფანე შაუმიანის თქმით – “მთავარია ის, რაც უნდა ასწავლონ ბავშვებს და არა ის, თუ რა ენაზე იქნება სწავლა-განათლება”. ბეცმა ქართველმა ბოლშევიკებმა რსდმპ კავკასიის სამხარეო (საოლქო) ყრილობაზე 1917 წლის ოქტომბერში მოითხოვეს “სახელმწიფო ენის პრივილეგიის მოსპობა და ენათა თანასწორუფლებიანობა ყველა სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებაში”.
     1921 წლიდანვე ამ თეზის საფუძველზე ქართულ ენას უპირველესად რუსული ენა დაუპირისპირდა. რუსული ენა გაბატონებულ იქნა საბჭოთა აპარატის სისტემაში – გაერთიანებულ სახალხო კომისარიატებში მთელი საქმის წარმოება და ადგილობრივებთან ურთიერთობა რუსულ ენაზე იყო. მეტიც: არაიშვიათად ზოგ დაწესებულებაში შტატების შემცირების მომიზეზებით თანამდებობიდან ათავისუფლებდნენ მხოლოდ ქართველს, მოკლე დროის განმავლობაში კი გაუქმებულ თანამდებობას კვალავ აღადგენდნენ და დანიშნავდნენ რუსს ან არაქართველს, რომელმაც ქართული ენა საერთოდ არ იცოდა, თუმცა იმავდროულად, პარალელურად, თითქოს “გასახარი” ამბავიც ხდებოდა: 1921 წელს საქართველოს რევკომმა რამდენჯერმე გამოსცა ბრძანება საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო ენად ქართულის გამოცხადების შესახებ. ბრძანება ბრძანებაა, ცხადია, რომლის მიხედვით სახელმწიფო და საზოგადოებრივი დაწესებულებებს, რესპუბლიკის მასშტაბით, მტკიცედ უნდა შეესრულებინათ მითითება, მაგრამ თბილისში მოქმედი პროვოკატორული ჯგუფის თუ ჯგუფების მიერ დედაქალაქის დუქნებზე, მოედნებზე, მაღაზიებში და სხვაგან ქართულ წარწერებს შლიდნენ.
     სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით, ვინმეს თუ წაასწრეს დანაშაულის ადგილას და როგორ დასაჯეს. ვფიქრობთ, დამნაშავენი თავად მეპატრონეები ან ობიექტის მოსამსახურეები იყვნენ, რადგან იმ დროს თბილისში მაღაზიის მფლობელთა უმრავლესობა წარმოშობით არაქართველი იყო.
     მართალია, 1922 წელს ქართული ენა საქართველოს კონსტიტუციის მიერ სახელმწიფო ენად გამოცხადდა, მაგრამ ეს საქმეს ვერ შველოდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უახლეს ისტორიას შემოენახა პირველი ქართულენოვანი ოქმი, 1922 წლის 11 სექტემბრით დათარიღებული. საქართველოს უღირსმა და უძღებმა შვილმა, თავგამოდებულმა ბოლშევიკმა ს. ორჯონიკიძემ საქართველოს კომუნისტური პარტიის I ყრილობაზე ბრძანა: “ქართველები საქართველოში – ესაა ველიკორუსები რუსეთში. ესაა “მპყრობელი” ერი – მას არ შეუძლია ილაპარაკოს იმაზე, რომ მას ჩაგრავენ, რადგან ის არის გაბატონებული ერი საქართველოში”. იმავე გადაგვარებულ და ჭკუანაღრძობ ქართველ “რკინის სახკომს” აჭარლები ქართველებისგან ცალკე ეროვნულ უმცირესაბად ესახებოდა. უბადრუკი ს. ორჯონიკიძე წერდა: “ჩვენ სომხებს უნდა ვუთხრათ: თქვენ შეგიძლიათ ახალქალაქში აწარმოოთ საქმეები სომხურ ენაზე. თუ ქართველებს სურთ აწარმოონ თავიანთი საქმეები ქართულ ენაზე, მაშინ სომხებსაც და აფხაზებსაც მიეცით ნება აწარმოონ საქმეები თავიანთ მშობლიურ ენაზე”. აი, ასე “ვიწროდ” აზროვნებდნენ სახელმწიფოებრივად მაშინდელი “უსამშობლო” და “უმშობლიურო ენის მქონე” ქართველები!..

პრაქტიკის კვლევის ტრენინგი

        14 აპრილს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის ქართულის, უცხო ენის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა და საბუნებისმეტყველო კათედრის წევრები დაესწრნენ ტრენინგ ცენტრ „ცოდნას“ (ლია ბუკია, მაკა შათირიშვილი) მიერ ორგანიზებულ ტრენინგს - პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის შესახებ. ტრენინგი დატვირთული იყო საინტერესო სიახლეებით. პედაგოგები გაეცნენ პრაქტიკის კვლევის განხორციელებისათვის აუცილებელ ეტაპებს, დაეუფლნენ პრობლემის დასმის, გამოკვეთის, კვლევის  დაგეგმვის, სტატისტიკური კვლევის ანალიზის უნარებს. აირჩიეს საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე საკვლევი თემები და დაგეგმეს სამომავლოდ ჩასატარებელი სამუშაოები.ტრენინგმა ნაყოფიერად ჩაიარა.
        
ტრენინგ ცენტრი ,,ცოდნა "წარმატებით ახორციელებს პედაგოგთა გადამზადებას საქართველოს მაშტაბით .ტრენინგ ცენტრის გუნდის წევრები ინტენსიურად სტუმრობენ ქალაქ ბათუმს . ორ დღიანი მივლინებით ქალაქ ბათუმში იმყოფებოდა ტრენინგ ცენტრის დამფუძნებელი ქალბატონი ლია ბუკია და წარმატებული გუნდის წარმატებული ტრენერი მაკა შათირიშვილი .ტრენინგის ამსახველი ფოტოები



                                                                                                                    


" ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს" - ვიდეოს ავტორი: ა.ჯაყელი