გვერდები

понедельник, 31 декабря 2018 г.

გილოცაავთ სიკეთე , ბედნიერება, სიხარული  მოეტანოს ახალ წელს! გილოცავთ, ახალი, 2019 წლის შემობრძანებას! სიკეთის,სიხარულისა და ბედნიერების მიმნიჭებელი ყოფილიყოს ეს წელი  ყოველი ქართველისათვის,
მინდა დიდი ილიას სიტყვებით  მოგილოცოთ და გითხრათ,რომ უფალმა  "ხანგრძლივი დრო მოგცეთ სიცოცხლისათვის,ხოლო იცოდეთ კი,რომ დრო ხანგრძლივია მისთვის,ვინც კარგად ჰხმარობს,ვინც ირჯება,აზროვნობს და ჰფიქრობს,იგი დროთა საზღვარს შორს გასდგამს ხოლმე...ადამიანი ძლიერია მხოლოდ მაშინ,როცა მცოდნეა და განათლებული…”გახსოვდეთ ვინც კარგად ემსახურება თავის სამშობლო ქვეყანას,იგი უდიდკაცობროდაც დიდია”,ღმერთმა ყოველი საქმე კარგად წაგიმართოთ, ხოლო იცოდეთ კი, რომ საქმეს კარგად წარმართავს მარტო ჭკვიანი გული და გულიანი ჭკუა.
ღმერთმა ყოველი მწუხარება აგაცილოთ, ხოლო იცოდეთ კი, რომ "უკეთესი წამალი მწუხარებისა იგია, როცა სხვას მწუხარებისაგან დაიხსნით".
ღმერთმა უბედურებისაგან გიხსნათ, ხოლო იცოდეთ კი, რომ "ვისაც თავის დღეში არავინ გაუუბედურებია, იმას იმედი უნდა ჰქონდეს, რომ თვითონაც თავის დღეში უბედური არ იქნება".
ღმერთმა იმოდენა უნარი მოგცეთ, რომ თქვენს ძალ-ღონეს დაენდოთ, სხვის იმედზედ არ იყვნეთ, იმიტომ რომ "იგი ჭკვიანი არ არის, ვინც არ იცის თავს როგორ უშველოს".
ღმერთმა ჯანმრთელი გამყოფოთ, ხოლო იცოდეთ, რომ "თუ გნებავთ სიმრთელე შეჰრჩეს თქვენს სულსა და ხორცსა, გულის ნებას და მადას გაძღომამდე ნუ მიიყვანთ".
ღმერთმა მოგცეთ სიყვარული მართლისა და იცოდეთ, რომ "თუ ბოროტი ხართ, შეგიძულებენ, თუ კეთილი ხართ, ზოგჯერ მოგატყუებენ და თუ მართლის მოყვარე ხართ, თაყვანსა გცემენ".
ღმერთმა სიბრძნე და სათნოება მოგანიჭოთ და იცოდეთ, რომ "სიტურფე, ნიჭიერება, ჭკუა და სხვა ყოველივე სცვდება, გარდა სიბრძნისა და სათნოებისა".
ღმერთმა უმაღლესს ღირსებამდე მიგახწევინოთ, ხოლო იცოდეთ კი, რომ "ყველაზედ უტყუარი ნიშანი უმაღლესის ღირსებისა შურის არქონაა".
ღმერთმა ნუ მოგაკლოთ პატიოსნება და იცოდეთ, რომ "ვაჟკაცს გმირს მარტო იმის უნარი აქვს, დიდბუნებიანს ყოველაფრისა, ხოლო ერთიცა და მეორეც ვერ აიწონენ ერთად, რასაც ერთი პატიოსანი კაცი იწონს".
ღმერთმა არც მფლანგავი გქმნას, არც ძუნწი და იცოდე, რომ "ვინცა ჰფლანგავს, იგი თავის მემკვიდრესა ჰპარავს, ვინცა ჰძუნწობს, იგი ჰპარავს თავის თავსა".
ღმერთმა გიხსნათ სიღარიბისაგან, ხოლო იცოდეთ კი, რომ "კაცი მაშინ არის ღარიბი, როცა სურვილი სჭარბობს ღონესა და როცა წადილი მეტი აქვს ქონებაზედ".
ღმერთმა ღონე მოგცეთ და გაგაძლიეროთ, ხოლო იცოდეთ კი, რომ "ღონე იმისთვის მოუნიჭებია ჩვენთვის ღმერთს, რომ ჩვენი ქონება შევინახოთ და არა იმისათვის, რომ სხვისა დავიჩემოთ და დავისაკუთროთ".
ღმერთმა ბევრი ფული მოგცეთ, ხოლო იცოდეთ კი, რომ "ფული ბატონად ძალიან ცუდი ბატონია და მოსამსახურედ კი მეტად კარგი მოსამსახურეა. არც კი ეს დაივიწყოთ, რომ "ყოველთვის, როცა კაცს ბუზმენტებით მორთულსა ჰხედავთ, იცოდეთ, რომ მის მახლობლად სხვა კაცი ძონძშია გახვეული".
ღმერთმა მაგარი ხასიათი მოგცეთ და იცოდეთ, რომ "ჭკვიანი კაცი კი მალე წახდება, თუ ჭკუასთან ერთად სიმაგრე ხასიათისა არა აქვს. ვისაც დიოგენის ფარანი აქვს, იმას მისი ყავარჯენიც უნდა ჰქონდეს".
ღმერთმა მშვიდობა და მოსვენება მოგცეთ, ხოლო იცოდეთ, რომ "ყველაზედ ტკბილი მოსვენება იგია, რომელიც შრომით არის ნასყიდი".
ღმერთმა ერთმანეთის ძმობა, ერთობა მოგმადლოთ და იცოდეთ, რომ "დიდად ძალოვანი კაციც კი უღონოა, თუ მოძმენი მხარს არ მისცემენ". არც ეს დაივიწყოთ, რომ "როცა ჭკვიანები და პატიოსნები ერთად მოქმედობენ, მაშინ სულელნი და ფლიდნი უღონონი არიან".
ღმერთმა გიმრავლოთ და გიდღეგრძელოთ შვილები, ხოლო იცოდეთ კი, რომ
სჯობს ყოლა უწვრთის ძაღლისა
უწვრთელის შვილის ყოლასა.

დასასრულს გისურვებთ, ღმერთმა თქვენის ქვეყნის სიყვარული გაგიძლიეროთ და იცოდეთ, რომ "რაც უნდა პატარა იყოს სამშობლო ქვეყანა, პატიოსანს გულში მაინც ყველაზედ დიდი ადგილი უჭირავს".
ამინ და კირილეისონ!..”

აჭარის პედაგოგთა მეხუთე რეგიონული კონფერენცია

2018 წლის 21-23 დეკემბერს ქალაქ ბათუმში სასტუმრო „თანამგზავრში“ ჩატარდა  და აღინიშნა აჭარის პედაგოგთა მეხუთე რეგიონული კონფერენცია საიუბილეო თარიღთან ერთად. კონფერენცია საზეიმოდ გაიხსნა 21 დეკემბერს, რომელსაც ესწრებოდნენ : აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი, ინგა შამილიშვილი, აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის საკრებულოს, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  აჭარის მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები, კონფერენციაში მონაწილე პედაგოგებსა და  მოდერატორებთან  ერთად.
 კონფერენცია გაგრძელდა სამ დღეს,  სასიამოვნო სიახლეებითა და საინტერესო სესიებით.  მახინჯაურის  საზღვაო ლიცეუმიდან კონფერენციაზე წარდგენილი იყო სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომებზე გამარჯვებული თემის  ავტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მეზღვაურთა შემოქმედებითი კლუბის ხელმძღვანელი ანჟელა ჯაყელი.
ანჟელა ჯაყელმა გააკეთა მოხსენება მართვის თანამედროვე მიდგომების ერთერთ მიმართულებაზე, საკლუბო მუშაობაზე. ისაუბრა თემის აქტუალობაზე, კლუბის შექმნის იდეაზე, მიზნებსა და მიღწეულ შედეგებზე, სამომავლო გეგმებზე. წარადგინა აგრეთვე კლუბის ერთერთი აქტიური წევრის, იაგო შერვაშიძის შემოქმედება, თავისი შედეგებითა და პროგრესით. მოხსენებამ და  იაგო შერვაშიძის შემოქმედებამ დიდი მოწონება დაიმსახურა.  ანჟელა ჯაყელმა, ხაზგასმით  აღნიშნა მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს განვითარებისთვის  სასწავლებლის ადმინისტრაციისა და პედაგოგების  წარმატებული თანამშრომლობა,  მიუხედავად იმისა რომ  სასწავლებელი პროფესიულ განათლებასა და მეზღვაურთა სპეციალობებზეა ორიენტირებული, ნაწილობრივ ზოგადსაგანმანათლებლო მიზნებსაც ემსახურება და რა თქმა უნდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნა მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ ჩვენთან ხელმძღვანელობის მიერ შესანიშნავი პირობებია შექმნილი არამარტო მთავარი პრიორიტეტული მიზნების განხორციელებისათვის, არამედ  სასწავლებლის მიმზიდველი, მრავალფეროვანი ცხოვრებისა და მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისათვის.